
საგზაო ნიშნები, გარე განათების ბოძები, დეკორატიული სკამები და ხე-მცენარეები – გორის ინფრასტრუქტურა დააზიანეს
10/10/2023 13:58:15 სამართალი, საზოგადოება
გორში საერთო სარგებლობის სივრცეებში ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დაზიანებული ინვენტარია: საგზაო ნიშნები, გარე განათების ბოძები, დეკორატიული სკამები და ხე-მცენარეები, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ცენტრში.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მიმართავს თითოეულ მოქალაქეს თხოვნით, რომ გაუფრთხილდნენ საერთო სარგებლობის სივრცეებს.
საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქალაქის სიჯანსაღესა და იერსახეზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მერია მანამდეც იუწყებოდა ვანდალიზმის შემთხვევების შესახებ. ამ ეტაპზე უცნობია, აღიძრა თუ არა საქმე სახელმწიფოს საკუთრების დაზიანების მუხლით და არიან თუ არა გამოვლენილი სავარაუდო დამნაშავეები.