
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
11/12/2019 08:27:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლესთან მოძრაობა “შეცვალე” აქციას მართავს. ისინი ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ.
“ადამიანი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, არ უნდა აკეთებდეს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას უწყობს ხელს”, – განაცხადა მოძრაობის წევრმა ანა ქართველიშვილმა.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: “სალომე “ქოცების“ მთავარსარდალი”, “ზურაბიშვილი vs ჯარისკაცები”, “ეზოში ქვეყნის მტერია”.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას გუშინ განაცხადა:
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".