ისრაელში საქართელოს ელჩი: თუ მოთხოვნა იქნება, შეიძლება, 13 ოქტომბერს რეისის დამატებაზე ვისაუბროთ
11/10/2023 06:30:18 პოლიტიკა
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა იქნება, განიხილავენ 13 ოქტომბერსაც დაინიშნოს დამატებითი რეისი. დამატებითი რეისები ისრაელიდან საქართველოს მომართულებით დანიშნულია დღეს და ხვალ.
"დღეს ისრაელის ავიახაზებმა, როგორც საქართველოს ავიახაზებმა შეასრულეს ორი რეისი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც დაზუსტებული არ არის, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ჩვენს მოქალაქეებში ისრაელში იწვევს გარკვეულ პანიკურ ქმედებებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ამასთან, ელჩმა ისრაელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:
„ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე, ამის მიუხედავად, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმები, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე აღჭურვილობა, რომელსაც რკინის გუმბათი ჰქვია, იგერიებდა თავდასხმის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. 10 ოქტომბერს შუადღეს განგაშის სირენა იყო თელ ავივსა და მის შემოგარენში, თუმცა მალევე ჩაწყნარდა მდგომარეობა. ჩრდილოეთიდან მოხდა ასევე საჰაერო თავდასხმა, სადაც საპასუხო თავდასხმა ჰქონდა ისრაელს. დღეს რეალურად ნელ-ნელა ვითარება იცვლება სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომელიც ბოლო ათწლეულებია, არავის მოუსმენია ამერიკის ლიდერისგან. იგი ძლიერი ლიდერია, რომელიც აცხადებს სრულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. იგი მოუწოდებს „ჰეზბოლას“ და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება, ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყოს. ეს სერიოზული გზავნილია ამერიკის მხრიდან, რამაც, წესით, უნდა შეცვალოს და შეარბილოს „ჰეზბოლას“ მხრიდან მოქმედებები ან მეორე, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს აშშ-ის რეაგირებას „ჰეზბოლას“ ქმედებებთან დაკავშირებით, თუ ასეთი იქნება ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის ზოგადად ის ვითარება, რომელმაც შეიძლება, ისრაელში უფრო ეფექტური და სწრაფი სტაბილურობა გამოიწვიოს“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
ელჩმა მანამდე თქვა, რომ 11 ოქტომბერს დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა.
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზის" შემდეგი ნომრები მოქმედებს:
+972526919092;
+972 52-8888513;
+972 54-7386813.
ისრაელიდან არაერთმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეები უკვე გამოიყვანა.
ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.


