Accentnews.ge
ფაშინიანმა ბაქოსთან მოლაპარაკებების საქართველოში გამართვის წინადადება უკუაგდო

ფაშინიანმა ბაქოსთან მოლაპარაკებების საქართველოში გამართვის წინადადება უკუაგდო

11/10/2023 06:48:07 კავკასია, პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბაქოსთან მოლაპარაკებების საქართველოში გამართვის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევის ინიციატივას გამოეხმაურა და ეს წინადადება უკუაგდო.

მისი განმარტებით, "ახლა, როცა განიხილება ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის საკითხი, სადაც, არსობრივად, უკვე შექმნილია გარკვეული ჩარჩოები, აზერბაიჯანი გვთავაზობს სხვა, ახალ პლატფორმას".

"მოგეხსენებათ, გრანადაში უკვე გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პრინციპები (როგორც ჩვენი, ისე ევროკავშირის ხედვით) ევროკავშირის პლატფორმაზე დაფიქსირდა. გასაგებია, რომ როცა ბრიუსელში ვხვდებით, საუბარი ამ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა წარიმართოს, რომლებიც ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს ითვალისწინებს: ეს პრინციპები მიიღო როგორც სომხეთმა, ისე აზერბაიჯანმაც. ახლა კი, როცა განიხილება ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის საკითხი, სადაც, არსობრივად, უკვე შექმნილია ეს ჩარჩოები, აზერბაიჯანი გვთავაზობს სხვა პლატფორმას... ჩვენი ხედვით, ამით აზერბაიჯანს უკვე შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზება სურს. მძაფრდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ფარულ გეგმასთან და ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ესკალაციითა და ახალი ომით შეიძლება, დასრულდეს" - განუცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

პრემიერმა დააზუსტა, რომ "სომხეთის მხარე არანაირი საუბრის წინააღმდეგი არაა, მაგრამ წინააღმდეგია უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გასვლის".

ამასთან, ფაშინიანის თქმით, "ერევანი მზადაა ასევე შეხვედრებისთვის "3+3" ფორმატში, თუმცა აქ რიგი საკითხებია შესათანხმებელი:

"უპირველესად, შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ხორციელდებოდა, ყოველ შემთხვევაში, - დღემდე. ახლა დასაზუსტებელია, როგორია მხარეთა აღქმა, რა დონეზე უნდა გაგრძელდეს საუბარი - და ჩვენ მზად ვართ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ამ ფორმატი განხილვები სომხური მხარის ბრალეულობით გადადებულიყოს".

ცნობისთვის: სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების საქართველოში გამართვის ინიციატივა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ამასწინანდელი მოულოდნელი ვიზიტის დროს გააჟღერა. თავის მხრივ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანხმობა განაცხადა.

ამასთან, 10 ოქტომბერს, ბაქოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას ალიევმა «3+3» ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იქვე აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით წყდებოდეს".

«3+3» ყარაბაღის ორი წლის წინანდელი კრიზისის შემდეგ თურქეთის მიერ ინიცირებული და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი "რეგიონული თანამშრომლობის" ახალი ფორმატია, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), ასევე თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობას ითვალისწინებს. სომხეთმა ფორმატში მონაწილეობაზე თანხმობა იმთავითვე მხოლოდ იმ პირობით განაცხადა, რომ მასში არ იქნებოდა განხილული სხვა პლატფორმებისთვის განსაზღვრული საკითხები, მათ შორის - ყარაბაღის თემა. თავის მხრივ, საქართველომ ფორმატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპანტ რუსეთთან ერთობლივ ფორმატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S