
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტის სიტყვა დამახინჯდა
11/12/2019 09:15:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა დამახინჯდა.
„საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციით საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, განაცხადა:
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".