მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის
11/10/2023 09:15:47 პოლიტიკა
პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. "პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის" სარჩელი ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა.
"ჩვენ ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფას... ჩვენ მივყვებით ამ ყველაფერს სასამართლოს გზით და ველოდებით, რომ სასამართლო განიხილავს და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას", - აცხადებს ადვოკატი.
10 ოქტომბერს ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტზე.
„ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მამუკა ხაზარაძეზე შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო არ არის ამ ყველაფერში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


