Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე: აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ იზრუნოს ისრაელში მყოფ თანამოქალაქეებზე, როგორც ამას აკეთებს პოლონეთი, კანადა, აშშ და სხვა ქვეყნები

ხატია დეკანოიძე: აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ იზრუნოს ისრაელში მყოფ თანამოქალაქეებზე, როგორც ამას აკეთებს პოლონეთი, კანადა, აშშ და სხვა ქვეყნები

12/10/2023 09:11:56 პოლიტიკა

ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აუცილებელია, საქართველომ იზრუნოს ისრაელში მყოფ საკუთარ მოქალაქეებზე, როგორც ამას აკეთებს პოლონეთი, კანადა, აშშ და სხვა ქვეყნები.

„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ისრაელის სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ ტერორისტების შენდობა არ არსებობს, რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს ყველანაირი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება და გაანადგუროს ტერორისტები. რაც შეეხება ჩარტერებს, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მაშინ, როცა პრემიერის ოჯახი სარგებლობს პრივილეგიით ჩარტერი ნებისმიერ დროს გამოიყენოს, საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ისრაელში არიან, უნდა ჰქონდეთ ეს პრივილეგია, რომელიც სჭირდებათ უსაფრთხოებისთვის და საკუთარი უფლებებისთვის. აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, როგორც ამას აკეთებს პოლონეთი, კანადა, აშშ და სხვა ქვეყნები, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის: ისრაელის არმია მეექვსე დღეა, უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაღუპულია 1 200 პირი, დაჭრილია 5 620 ადამიანი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 11 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2700–ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S