
"არ ვიცი, 200-300, თუ რამდენი „ნაციონალი“ აქტივისტი შეიკრიბება, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ხვალ პარლამენტის სხდომა შედგება"
11/12/2019 15:16:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტირების თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხვალ პარლამენტის სხდომა შედგება.
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქ დარჩენა ღამის თევით მოგვიწევს იმისთვის, რომ სხდომა გაიმართოს, რაც რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. დილით შევიკრიბებით. რომელ საათზე, ამას ჩვენ გადავწყვეტთ. დამერწმუნეთ, ხვალ აუცილებლად შედგება პარლამენტის სხდომა. ხვალაც ალბათ, არ ვიცი, 200-300, რამდენი „ნაციონალი“ აქტივისტი შეიკრიბება პარლამენტთან, თუმცა მათ არ აქვთ პარლამენტის ბლოკირების რესურსი. კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა პარლამენტმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
12 დეკემბერს იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრაა დაგეგმილი.
კენჭისყრის პარალელურად ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.
“ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ”, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.