ალეკო ელისაშვილი: არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში საჭირო რაოდენობის ხმებს იშოვის
13/10/2023 10:11:06 პოლიტიკა
"ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს - გულახდილად რომ გითხრათ, არ მეპარება ეჭვი, რომ სათანადო ხმებს მოაგროვებენ!", - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები არიან.
"როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ „ქართული ოცნების“ ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, რომ დღე და ღამე მოლაპარაკება და ვაჭრობა მიდის. ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია - სხვადასხვა ინტერესებით, სურვილებითა და მისწრაფებებით. „ქართულ ოცნებაში“ მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ისეთი რამის შეთავაზება, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


