ლაშა ჟვანია: თამარ გოლდენბერგის კვალი ჯერ ნაპოვნი არ არაა, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია
13/10/2023 10:58:19 პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, ამბობს, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ არის შესული.
მისივე თქმით, ჯერ ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის შვილის თამარ გოლდენბერგის კვალის პოვნა.
"მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში. გუშინ შედარებით მშვიდი მდგომარეობა იყო ცენტრალურ ისრაელში, თუმცა აშკელონში და აშდოდში ისევე, როგორც ბეერშევაში, იყო საჰაერო თავდასხმები. ისრაელის საჰაერო თავდაცვას მოგერიებული აქვს თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა. საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ არის შემოსული. ერთადერთი, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის თამარ გოლდენბერგის კვალი. იგი არის საქართველოს მოქალაქის შვილი, ისინი აფხაზეთიდან არიან, 30 წლის წინ ჩამოვიდნენ. თამარი აქ არის დაბადებული, მისი კვალი ჯერ ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია. ეს არის ინფორმაცია, რასაც მის შესახებ ვფლობ. დღეს არის დაკრძალვა ქართველი ებრაელი ვაჟკაცის, მოშიაშვილის, რომელიც ბრძოლის დროს დაეცა გმირულად. მისი ძმა 2014 წელს, სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. ჩვენი ქართველი ებრაელების ოჯახში ეს დიდი ტრაგედია დატრიალდა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ცნობისთვის: ისრაელის არმია მე–7დღეა, უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
გაეროს ცნობით, 13 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მოსახლეობას მოსთხოვა 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში.
გაეროს მიერ 13 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი სახლები უკვე 423 378-მა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი სრულ ბლოკადაში მოაქცია. ჩაკეტილია ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც. გაერო და ევროკავშირი ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. გაერო და ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დაცვა და სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა.
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზას სექტორი ვერ მიიღებს ელექტროენერგიას, წყალს და საწვავს, სანამ „ჰამასი" მძევლებს არ გაათავისუფლებს. კაცმა ყველას მოუწოდა, ისრაელს მორალს ნუ ასწავლიან.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 13 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 3200–ზე მეტი ადამიანი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 1537 და დაჭრილია 6612 ადამიანი.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.


