ოხანაშვილი – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა, საკონსტიტუციოს მიერ ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას
13/10/2023 12:54:16 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელიც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა და საკონსტიტუციოს მიერ ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას.
"ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას არამხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი იურისტის მხრიდან - მათ (მოსამართლეებმა) უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თუ ასე იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა. [...] რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს", – განაცხადა მან.
პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას 16 ოქტომბერს გამოაცხადებენ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა.
მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


