Accentnews.ge
ღია წერილი, დამაბრუნეთ სახლში - აფხაზეთი ჩემი სახლია!

ღია წერილი, დამაბრუნეთ სახლში - აფხაზეთი ჩემი სახლია!

13/10/2023 17:46:01 კონფლიქტები

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 30 წელი გავიდა და ჯერ კიდევ ღიად რჩება უმნიშვნელოვანესი საკითხი: დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ჩვენთვის დევნილებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მომავალი მოწყობის მოდელს და როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. წლებთან ერთად, კონფლიქტურ რეგიონებში, მძიმდება ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური თუ უფლებრივი მდგომარეობა, იზრდება ჰუმანიტარული კრიზი. 2021 წელს საქართველოს მთავრობამ ჩართულობისა და დეოკუპაციის პოლიტიკის გადახედვის პროცესი დაიწყო, თუმცა ახალი/განახლებული სტრატეგიის დოკუმენტებზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და მისი შეფასება შეუძლებელია. ცენტრალური ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა ამ დრომდე 2010 წელს შემუშავებულ ჩართულობის სტრატეგიას ეყრდნობა, რომელიც ვეღარ პასუხობს რეგიონში არსებულ ცვლად პოლიტიკურ რეალობას.

ვფიქრობ, რომ რუსეთ უკრაინის ომისა და რეგიონში განვითარებული სიტუაციის ფონზე, სახელმწიფომ ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში უნდა შემოგვთავაზოს რამდენიმე ალტერნატიული ხედვა. სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ერთიანი, პოლიტიკურად და სამართლებრივად შეჯერებული პოზიციის არქონის ერთ-ერთი შედეგს წარმოადგენს ისიც, რომ დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ძირითადი იმედები დამყარებულია გარეშე ძალებზე (გაერო, აშშ, ევროკავშრი, რუსეთი, მეგობართა ჯგუფი). რათქმა უნდა, ამ ძალებს უდიდესი გავლენა გააჩნიათ არსებულ ვითარებაზე, მაგრამ კონფლიქტის გადაწყვეტის გასაღები მიმაჩნია საქართველოშია.

ამ დროს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია, რომ ის, რაც იყო 1992 წლამდე, ვეღარ აღდგება და საჭიროა ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნება საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს მომავალი. აფხაზეთის დაცემიდან 30 წლის თავზე პარადოქსულია, მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. არ არსებობს აფხაზთა და ქართველთა თანაცხოვრების მოდელი, ომით ორად გაყოფილ საზოგადოების უფლებების დამცავი მექანიზმები. ცხადია, ამ მიზნის მისაღწევად არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადი დაპირებები თუ განცხადებები. შექმნილი ვითარება რუსეთს ნამდვილად აძლევს ხელს, ერთი მხრივ, გამოჩნდეს აფხაზების თვალში, როგორც ქართველთა მოსალოდნელი აგრესიისაგან მათი ერთადერთი დამცველი და უსაფრთხოების გარანტი, მეორე მხრივ კი დაუსაბუთოს დასავლეთის სახელმწიფოებს, რომ საქართველო მზად არ არის კონფლიქტის ცივილური ფორმებით გადაწყვეტისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მისი მოგვარების მიზნის მისაღწევად.

აქ კი იბადება კითხვა: იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, როგორ აპირებენ დღეს არსებული პოლიტიკური პარტიები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დეოკუპაციას?, რომელ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია რეალისტური გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით? აქედან გამომდინარე მივმართავ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, როგორც პოზიციას ასევე ოპოზიციას, მე ერთი რიგითი დევნილი ვითხოვ დროულ, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. დამაბრუნეთ სახლში - აფხაზეთი ჩემი სახლია!

ავტორი: მოძრაობა „აფხაზეღისთვის“ ლიდერი ნუკრი ნოდია

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S