ისრაელში საქართველოს ელჩი: ჩვენი მოქალაქეების 90% საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული არ არის, მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ
13/10/2023 19:08:50 პოლიტიკა
ჩვენი მოქალაქეების 90% საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საელჩოსთვის საქართველოს მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში ლეგალური ან არალეგალური ყოფნა მნიშვნელოვანი არ არის.
მისი თქმით, რეგისტრაციისთვის საკმარისია საქართველოს პასპორტი და ფოტო სურათი.
- „ჩვენი მოქალაქეები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგნენ. ვინც ასეთ აღრიცხვაზე დგას, ჩვენ გვაქვს მათთან ტელეფონით წვდომა. ჩვენი მოქალაქეების 90% რეგისტრირებული არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მარტივი წვდომა გვექნება მათთან. რეგისტრაციისთვის საბუთის მოწესრიგება საჭირო არ არის. საკონსულოში რეგისტრაციისთვის საჭიროა საქართველოს პასპორტი, ფოტო სურათი. მისი ლეგალური ან არალეგალური ყოფნა ისრაელის სახელმწიფოში ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს მოქალაქე“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ცნობისთვის: ისრაელის არმია მე–7დღეა, უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
გაეროს ცნობით, 13 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მოსახლეობას მოსთხოვა 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში.
გაეროს მიერ 13 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი სახლები უკვე 423 378-მა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი სრულ ბლოკადაში მოაქცია. ჩაკეტილია ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც. გაერო და ევროკავშირი ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. გაერო და ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დაცვა და სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა.
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზას სექტორი ვერ მიიღებს ელექტროენერგიას, წყალს და საწვავს, სანამ „ჰამასი" მძევლებს არ გაათავისუფლებს. კაცმა ყველას მოუწოდა, ისრაელს მორალს ნუ ასწავლიან.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 13 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 3200–ზე მეტი ადამიანი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 1537 და დაჭრილია 6612 ადამიანი.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.


