პაატა მანჯგალაძე: იმპიჩმენტის პროცედურით რუსეთს ასიამოვნეს
16/10/2023 07:58:01 პოლიტიკა
იმპიჩმენტის პროცედურით რუსეთს ასიამოვნეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"იმპიჩმენტი პარლამენტში არის პოლიტიკური საკითხი და კარგად იცის კობახიძემ, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხდება საკითხის გადაწყვეტა, მაშინ ისმის კითხვა, რატომ წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" ეს პროცესი, თუ პარლამენტში საკმარისი ხმა არ აქვს?! მე არ ვიცი, რამდენი ხმა აქვს "ქართულ ოცნებას", ჩვენ რა თქმა უნდა ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ამით "ქართულმა ოცნებამ" ორ მიზანს მიაღწია, ევროპელებში გააჩნია განცდა, რომ არ უნდათ სტატუსის მიღება, რადგან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა გვითხრა, რომ ამ მიზეზით (ევროპაში ვიზიტები) იმპიჩმენტის გამოცხადება არ ეხმარება სტატუსის მიღებას. იმპიჩმენტის მეორე მიზეზი ისაა, რომ რუსეთს ასიამოვნეს რუსებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაშინიანზე პრაგმატულია და მასზე კარგად იქცევა, დსთ- შიც გველოდებიან,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


