Accentnews.ge
ირანის ელჩს საქართველოს პარლამენტის კომიტეტზე გამოსვლა სურს

ირანის ელჩს საქართველოს პარლამენტის კომიტეტზე გამოსვლა სურს

16/10/2023 08:31:26 პოლიტიკა

საქართველოში ირანის ელჩ მაჰმუდ აბიდს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლა სურს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, შესაბამისი თხოვნით საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს უკვე მიმართა.

გარდა ამისა, ელჩი „მკაცრად გმობს, სიონისტური რეჟიმის ელჩის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ“.

12 ოქტომბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ისრაელის ელჩმა ისაუბრა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპული 1300 ადამიანის შესახებ და განაცხადა, რომ ეს თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც სჯერა ისრაელს, საქართველოს, აშშ-ს და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ურყევი ნება, ისრაელის სახელმწიფოსთან მაღალი დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ.

კომიტეტის სხდომაზე ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკას, როდესაც უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს მოსმენა მშვიდობიან გარემოში წარმართულიყო. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ბარბაროსული თავდასხმა ისრაელზე. ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით, 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტი ჯერ არ გამოხმაურებია ირანის ელჩის მოთხოვნას კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ.

მანამდე, ირანის ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოხატა ჩაერთოს ისრაელ-„ჰამასის“ ომში, თუ არ შეწყდება ღაზის სექტორის დაბომბვა.

ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.

ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24– საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას ხელს უშლის. მისი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზას სექტორი მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვა.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.

ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 15 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1400–მდე გაიზარდა. დაჭრილია 3200–ზე მეტი ადამიანი.

ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 2 670 და დაჭრილია 9 600 ადამიანი.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S