
მოზარდი, რომლის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს, გარდაცვლილი იპოვეს
16/10/2023 08:39:05 სამართალი
მოზარდი, რომლის გაუპატიურების ბრალდებით 2 წლის წინ ბაბუა დააკავეს, გარდაცვლილი იპოვეს. მე-9 კლასელი გოგო უგონო მდგომარეობაში ხაშურში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნახეს.
14 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღნიშნული არასრულწლოვანი ორი წლის წინ დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებდა ერთ-ერთ საქმეში. კერძოდ, გარდაცვლილი გოგონას ჩვენების საფუძველზე, 2021 წლის ოქტომბერში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, სსკ-ის 11 პრიმა და 137-ე მუხლებით წარდგენილი ბრალის საფუძველზე გოგოს ბაბუა დააკავეს.
2022 წლის 12 სექტემბერს შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ფსიქოლოგი იყო ჩართული.