ოპოზიციის რეაქცია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე: სასამართლომ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს შანსს, მიიღოს სტატუსი
16/10/2023 12:08:11 პოლიტიკა
ოპოზიცია ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს შანსს, მიიღოს სტატუსი.
"არ ვიცი, იყიდა თუ არა ივანიშვილმა პარლამენტში საკმარისი ხმები პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად, ეს გამოჩნდება. რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, მისი დავალების შესრულებით საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს შანსს, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღოს მიმდინარე წელს. მორიგი რუსული დავალება", – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მისი თანაპარტიელი საბა ბუაძე აცხადებს, "სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო".
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ინტერესების სამსახური გრძელდება „ქართული ოცნების” მხრიდან და "ოცნებას" დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები შეუერთდნენ, რომლებმაც ამ სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს, რომელსაც სამართალთან და სამართლებრივ განზომილებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის პოლიტიკური დავალება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო".
მისი თქმით, „ქართული ოცნება” ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ დემარშს აგრძელებს":
"მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო იმ პროცესებს აკვირდება, რომლებიც საქართველოში ვითარდება და ყველა უყურებს, საქართველო რა რეფორმებს ატარებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ვხედავთ, რომ არა თუ მხოლოდ რეკომენდაციები დარჩა შეუსრულებელი, არამედ პირიქით, „ქართული ოცნება” ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ დემარშს აგრძელებს, ჩვენი ქვეყნისთვის მართლა ისტორიულ, უნიკალურად მნიშვნელოვან და სენსიტიურ პერიოდში სამარცხვინო რუსული კამპანია წამოიწყო ჩვენი ქვეყნის ევროპული სტატუსის წინააღმდეგ. ამიტომაც, ყველა, ვინც ამ გადაწყვეტილების თანამონაწილეა, აუცილებლად გადაიხდის შესაბამის პოლიტიკურ და სამართლებრივ ფასს".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები, „დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.
მისი თქმით, „რუსული ოცნების შოუ გრძელდება".
"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები, დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ოღონდ სიტუაცია ერთგვარად ტრაგი-კომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ პრეზიდენტი რომ წასულიყო მოსკოვში ვიზიტით, ლავროვის მოწვევით, გაბედავდა კი „ოცნება“ თუ მასთან შეთანხმებული არ იქნებოდა ამ შემთხვევაში წამოეწყო იმპიჩმენტის პროცედურა? ეს შეკითხვა უნდა დავსვათ ჩვენ და გავცეთ პასუხი და შესაბამისად, ყველაფერი იქნება ნათელი არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
"კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ", რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა", –ასე ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას "ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე.
„ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია: თავის ბოღმა დაიკმაყოფილა, თავის ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი, ასევე კვლავ დაუმტკიცა ერთგულება რუსეთს და შეუზღუდა პოლიტიკური საგარეო საქმიანობა ზურაბიშვილს ვინაიდან, ეშინიათ, რომ არ ჩავიდეს უკრაინაში და არ გააკეთოს ანტირუსული განცხადებები. თუმცა, იმპიჩმენტი არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური და ის პოლიტიკურად პარლამენტში ვერ დამტკიცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს არც სამომავლოდ შეუშლის რაიმე ხელს გააგრძელოს თავის საქმიანობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეწეოდა და რაც გახდა იმპიჩმენტის ინიცირების საბაბი. შედეგი არის ის, რომ ქვეყნის რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახა და გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი, "- განაცხადა გოცირიძემ.
"გირჩის" წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "საკონსტიტუციო სასამართლო „ქართულ ოცნებას" პროდასავლელი ამომრჩევლის მოტყუებაში ეხმარება".
„არანაირი ნიშნები რეალურ საკითხებზე რომ „ქართული ოცნება" და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს ებრძვის, არ იკვეთება. ეს არის მცდელობა ე.წ. პროდასავლელი ამომრჩევლის მოტყუების, რომ თუ არ მოგწონს "ქართული ოცნება" პრორუსული პოლიტიკის გამო, აგერ არის პროდასავლელი სალომე ზურაბიშვილი, ამიტომ ხმა მას უნდა მისცე, მაგრამ ორივესთვის მიცემული ეს ხმები ერთ ყულაბაში აღმოჩნდება, ამ ტყუილში ეხმარება საკონსტიტუციო სასამართლო "ქართულ ოცნებას",- განაცხადა ხვიჩიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აღარ არსებობს:
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ აკონტროლებს „ქართული ოცნება“, სასამართლოს კლანი, სწორედ მათი წევრებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ დიდი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ იყო და კიდეც ვამბობდით, რომ იქნებოდა განსხვავებული აზრები, ისიც ვიცოდით, ვინ დაწერდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას - გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი, დანარჩენმა მხარი დაუჭირეს განა კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ ნორმების სამართლებრივ განმარტებას, არამედ მხარი დაუჭირეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ ვერსიას სამწუხაროდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც აღარ არსებობს, არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს, რომელიც რაიმე ობიექტურ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი ექვემდებარება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს. მეორე არის, რომ როგორ მოხდება ამ საკითხის განვითარება პარლამენტში. „გახარიების“ განცხადებები ცოტა არასერიოზულია, მითუმეტეს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის ნაწილში მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი გახარიას რა როლი აკისრია ზოგადად ივანიშვილის კარზე და ქართულ ოპოზიციაში, ეს არასერიოზული თემა არის, მაგრამ იმავდროულად ჩვენ იმთავითვე, როდესაც ეს საკითხი პირველად გაჟღერდა, მაშინვე განაცხადა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ეს არის პოლიტიკური ფარსი, ამ მანიპულაციაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, არ დავესწრებით კენჭისყრის პროცედურას და მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გამოირიცხოს ის ინტერპრეტაციები, დავტოვოთ ყველამ დარბაზი და ამ პოლიტიკურ მანიპულაციაში და ფარსში „ქართული ოცნება“ დავტოვოთ მარტო“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია.
„ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რუს ოლიგარქსა და მის კრიმინალურ - რუსულ რეჟიმს, დაშვებაც არ უნდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს მდიდარი, შეძლებული და დაცული, რაც ევროკავშირის წევრობით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, ყველაფერ ნეგატიურს აკეთებს ამ ისტორიული შანსის პირობებში, რომ როგორმე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წაგვართვას. მისი დავალებით, მისსავე მორჩილ ზურაბიშვილს უჩივლა, მისივე ხელქვეითის - კობახიძის ხელით და მისივე მართულ სასამართლოს გამოატანინა გადაწყვეტილება. ერთადერთი გზა, გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ“,-წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.


