პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირაში გაიმართება
16/10/2023 12:16:29 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას განიხილავს და კენჭისყრაზე გაიტანს.
"ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება და ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოვადგენთ, რომელშიც განხილვის გრაფიკი იქნება. პარლამენტს შეტყობინების მიღებიდან ორი კვირა აქვს, რათა საკითხი განიხილოს და კენჭი უყაროს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, აჯობებს საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რეგლამენტის თანახმად, თანამდებობის პირი, ვისი იმპიჩმენტის საკითხიც დგას, პარლამენტის მოწვევით შეიძლება განხილვაში მონაწილეობდეს. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის აპარატს დაუკავშირდება და თუ მას პლენარულ სხდომაში მონაწილეობის სურვილი ექნება, ამის მიხედვით იმოქმედებენ.
ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.


