Accentnews.ge
პრეზიდენტის წარმომადგენლები: "ამ დასკვნით საკონსტიტუციო მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში"

პრეზიდენტის წარმომადგენლები: "ამ დასკვნით საკონსტიტუციო მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში"

16/10/2023 14:30:21 პოლიტიკა, სამართალი

„დასკვნა არის ტენდენციური, მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიმეორა და გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები“, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, სასამართლო თავის დასკვნაში წინააღმდეგობრივ მსჯელობა ავითარებს.

"ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, ბუნებრივია, დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო, თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითად დასაბუთებებს დასკვნა არის ტენდენციური, მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთო-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში. მხოლოდ,უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტის მიღმა და აქვს თუ არა საერთოდ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს ხედვაზე - იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი,რომ შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“, -განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

კოპალეიშვილის მსგავსად, პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ "სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო".

ამასთან, ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა იმ მოსამართლეებს, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს.

"მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა არ არის ერთსულოვანი", – დასძინა მან.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ თუ ამ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიმდინარე წელს მიღებას პრობლემა შეუქმნა, პასუხისმგელობის გაზიარება საკონსტიტუციო სასამართლოსაც მოუწევს.

"თუ აღმოვჩნდით ჩვენ იმ რეალობის წინაშე, რომ ამ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვხია უკან და დაგვაკარგინა უახლოეს თვეებში სტატუსის მიღების შესაძლებლობა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობას ამ შედეგზე საპარალამენტო უმრავლესობასთან ერთად გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოც და ის ამას ვერ გაექცევა", – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S