Accentnews.ge
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა

გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა

11/12/2019 21:05:47 სხვა, სამართალი

გერმანიის ხელისუფლებამ ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება უარყო. 

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზეიბერტის განცხადებით, მოსკოვს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით ბერლინისთვის არ მიუმართავს.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახით მონაცემი იმის შესახებ, რომ რუსეთმა ექსტრადირება ითხოვა“, – განაცხადა გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზეიბერტმა.

მისი თქმით, გერმანიის პოზიცია ნათელია: რუსეთმა საქმის გამოძიებაში უნდა ითანამშრომლოს და გერმანიას გამოძიებისთვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

10 დეკემბერს პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციის დროს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით გერმანიას არაერთხელ მიმართა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უარყო ეჭვი იმის შესახებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები არიან გარეულნი.

ცნობისთვის: საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასორტი.

რამდენიმე დღის წინ, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში. გამოცემა dpa საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამოძიების აზრით, მკვლელს მინიმუმ ერთი თანამზრახველი ჰყავდა.

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათი ინფორმატორი ბუნდესტაგის საშინაო საქმეების კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, რომელზეც მოხსენებით წარდგა ფედერალური პროკურორი. როგორც ცნობილი ხდება, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბერლინში თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა, შესაბამისად, ასეთ მცირე პერიოდში სამიზნეს ადგილმდებარეობის დადგენას და ჩვევების შესწავლას ვერ შეძლებდა. ამასთან ერთად, გამოძიება მიიჩნევს, რომ ასეთ მოკლე პერიოდში ის თავდასხმის ადგილიდან გაქცევის გეგმასაც ვერ შეადგენდა. გამოძიების ცნობით, სავარაუდო მკვლელი 17 აგვისტოს მოსკოვიდან პარიზში, შემდეგ კი, პოლონეთში ჩაფრინდა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად პოლიცია იძიებდა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობს მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

ფედერალური პროკურატურა იძიებს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის, ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო მასზე 2015 წელს თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ დატოვა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. თავად ზელიმხან ხანგოშვილი დარწმუნებული იყო მისი მკვლელობის მცდელობასთან რუსული კავშირის შესახებ. 

იხილეთ ასევე: ზურაბ ხანგოშვილი: „მომივიდა ინფორმაცია, შემდეგი სამიზნე შენ ხარო“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S