პრეზიდენტი: ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალიც და დემოკრატიაც, ახლა თავად იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის
16/10/2023 17:31:02 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლო გააკრიტიკა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ექვსმა მოსამართლემ მმართველ გუნდს ნება დართო, განაგრძოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში.
ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ არ აპირებს გადადგომას და რჩება ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მხარდამჭერად.
„დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალიც (ან სცადეს) და დემოკრატიაც, რადგან ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი აღარ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულად ვერ ჩაივლება. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. ახლა თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე აღარ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ჩვენს ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი“,– თქვა ზურაბიშვილმა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ საზოგადოება ევროპულ გზაზეა გაერთიანებული და ის აუცილებლად მიიღებს შედეგს, მათ შორის, თავისუფალ არჩევნებს: „პირველს მივიღებთ ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს გვიშლიდნენ შიგნიდან ვიღაცეები და მომავალ წელს უკვე შემდეგი ეტაპი გვაქვს – წლიწადნახევარი გვაქვს წინ, ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს! ნურავინ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ“.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ პარლამენტში მისვლას გეგმავს და თუ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, იტყვის „ყველაფერს:
„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა, ოპოზიციას ვურჩიო, თუ უნდათ, რომ ძლიერი სურათი დადგეს, დადგნენ ერთად და ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. თუ მომცეს სიტყვა, გამოვალ და ვიტყვი ყველაფერს, რაც სათქმელია“.


