
ბოკერია:"ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი გონს არ მოეგება, ან თვითონვე ამ რყევების შედეგად ჩამოიმხობს ხელისუფლებას"
12/12/2019 04:47:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ "ბიძინა ივანიშვილი გონს არ მოეგება".
"ჩვენი გეგმაა პარლამენტის პიკეტირება და ამ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა ამ დღეს. ისედაც ეს იყო ჩვენი მოდუსი, სანამ ეს შეურაცხყოფა ძალაშია ივანიშვილის მხრიდან საზოგადოების მიმართ მიყენებული, რომ ფეხებზე მკიდიხართ, გადაგაგდებთ, როგორც მინდა ისე მოგეპყრობით ეს მიდგომა გაგრძელდება. დამატებითი მიზეზია ის, რომ დღეს აქ იხილავენ მოსამართლეობის კანდიდატებს და უტიფრად აპირებენ, რომ მხარი დაუჭირონ ისეთ კანდიდატებს, როგორიც არის თადუმაძე. იქ სხვებიც არიან მინიმალური კომპეტენციის არმქონე ან დემონსტრირებული მსახურები ნებისმიერი ხელისუფლების. ამიტომ ვართ აქ და მოუწევთ კორდონებით სამარცხვინოდ სიარული. ეს პროტესტი გაგრძელდება და გამწვავდება მანამ, სანამ ივანიშვილი გონს არ მოეგება და ნაბიჯს არ გადადგამს განმუხტვისკენ ან თვითონვე ამ რყევების შედეგად ჩამოიმხობს ხელისუფლებას" - განაცხადა ბოკერიამ.
პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი შეეცდებიან, ხელი შეუშალონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
თავდაპირველად, 09:30 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.
მოგვიანებით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.