
გარდაცვლილი 12 წლის ანის საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი წარუდგინეს
17/10/2023 14:15:35 სამართალი, საზოგადოება
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს ბრალი წარუდგინეს დიდ დიღომში 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი),– იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო", რომელიც ანის ოჯახის ინტერესებს იცავს.
ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ თავად საქმეზე გამოძიება სხვა მუხლით უნდა გაგრძელდეს.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და გარდაცვლილი ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.
12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.