
თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან
17/10/2023 14:29:10 თავდაცვა
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან. ასე უპასუხა მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის ანა წითლის კითხვას. დეპუტატი დაიტერესდა, თვლის თუ არა მინისტრი, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან გმირები და მათი ოჯახები იმსახურებენ შეღავათებს სახელმწიფოსგან.
„პირადად ჩემთვის გმირები არიან. როდესაც ადამიანი იცავს ისეთ ღირებულებას, რომელსაც პატივს ვცემ, ის ჩემთვის გმირია. მათ შორის, 10%-იც კი რომ იყოს იმ განწყობით, ამით ჩემი ქვეყნის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა ყველას პატივს ვცემ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მან ასევე უპასუხა დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის კითხვას, თუ რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს ძმათა სასაფლაოზე.
"ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ეს საკითხი და პატივით ვკრძალავთ მათ და ის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებაა შესატანი და შეიძლება, კიდევ უფრო მეტი პატივი მივაგოთ, ეს ერთის მხრივ, სცდება ჩვენს კომპეტენციას და მეორეს მხრივ, შეიძლება, ამას არ ჰქონდეს რაღაც ზღვარი, რომ განვასხვაოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები, სხვისგან. თხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა მათი ოჯახის წევრებისგან, ვთვლით, რომ შევასრულეთ და არც ერთი შემთხვევა არ დაგვიტოვებია სამხედრო პატივით დაკრძალვის გარეშე", –განაცხადა ბურჭულაძემ.