Accentnews.ge
რით ხსნის კობახიძე პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირებას: "გვინდოდა, ოპოზიციას შეეწყვიტა დესტრუქცია"

რით ხსნის კობახიძე პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირებას: "გვინდოდა, ოპოზიციას შეეწყვიტა დესტრუქცია"

12/12/2019 06:19:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის თავდაპირველი განცხადება იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, "კონკრეტულ კონტექსტში გაკეთდა". 

კითხვაზე, თუ რატომ დაჰპირდა "ქართული ოცნება" ივლისში მოსახლეობას პროპორციულ სისტემას, მან ასე უპასუხა: 

"რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გაკეთდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშრებით, იგი გაკეთდა კონკრეტულ კონტექსტში და ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ შეეწყვიტა დესტრუქცია ოპოზიციას. იყო სურათი, რომელიც არ იყო მაინცდამაინც ლამაზი, გვინდოდა, ოპოზიციას შეეწყვიტა დესტრუქცია, თუმცა გახსოვთ, რომ 3 თვე გააგრძლეს მათ აქციები, სანამ არ შემოეშალათ ხალხი”. 


ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია 21 ივნისს დაიწყო. აქტივისტები ქუჩაში რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტისა და ერთ-ერთი მათგანის – გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გასაპროტესტებლად გავიდნენ. მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა დაშლა გადამეტებული ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიების გამო თვალისა და მხედველობის დაკარგვა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომა. თუმცა აქციები არ შეწყვეტილა და შემდგომში დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი მთავარი 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. 

24 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თანახმაა, უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით. თუმცა 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციებით ითხოვდა და ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა უარი უთხრეს. კანონპროექტი ჩავარდა და ამაში 40-მა დეპუტატმა შეიტანა წვლილი, ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 3-მა დეპუტატმა მისცა. მათ ოცნების "აჯანყებული" და "პრინციპული" მაჟორიტარები უწოდეს, რადგან ამტკიცებდნენ, რომ პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის აზრი არ გაითვალისწინეს და საკუთარი სურვილით თქვეს უარი პროპორციულ სისტემაზე. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციები განახლდა და დღემდე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S