Accentnews.ge
ჟურნალისტებს და დეპუტატებს იურიდიული კომიტეტის სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ჟურნალისტებს და დეპუტატებს იურიდიული კომიტეტის სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

12/12/2019 06:57:58 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის კენჭისყრის პროცესი უნდა გაიმართოს, ვითარება დაიძაბა.  ჟურნალისტებსა და დეპუტატებს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.


დაძაბულობა ოპოზიციონერი დეპუტატების ეკა ბესელიას და თინა ბოკუჩავას კრიტიკული გამოსვლების შემდეგ დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბოკუჩავასთვის ჯერ მიკროფონის გამორთვის, შემდეგ კი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ოხანაშვილი არ აცლიდა საუბარს ბესელიას, რომელმაც განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კანონის დარღვევით იმართებოდა:

"სასესიო კვირაში კომიტეტის სხდომის ჩატარება პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევაა, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არ არის არც დაჩქარებული საკითხი და არც ბიუჯეტის პროექტი, რისი განხილვაც სასესიო კვირაში კანონით ნებადართულია".

საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ "სხდომა რეგლამენტის სრული დაცვით დაინიშნა".

ამას მოჰყვა დაპირისპირება. მოგვიანებით იგი იმდენად გამწვავდა, რომ ოხანაშვილმა სხდომაზე 5–წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. პარალელურად მანდატურებმა ჟურნალისტებსა და რიგ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი უხეში ძალის გამოყენებით დაატოვებინეს 

მოგვიანებით, ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა, შესულიყვნენ დარბაზში და გაეშუქებინათ სხდომა, თუმცა უპასუხოდ დატოვა მათი კითხვა, რატომ იძალადეს მათზე მანდატურებმა. 

ცნობისთვის: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყრიან კენჭს. კანდიდატებს დეპუტატები ხმას ღია კენჭისყრით მისცემენ. ამის შემდეგ კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. 

კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან დილიდან იმართება აქციაც. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უმრავლესობას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა წარმოდგენილ სიას. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S