18 ოქტომბერს მესტიამ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ „GRETA“-ს შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა
18/10/2023 13:08:31 საზოგადოება, რეკლამა
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ “GRETA”-ს შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით “მოგზაურობა ახალი მწვერვალებისკენ” სვანეთში, 3 განსხვავებულ ლოკაციაზე გაიმართა.
ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბოლო 4 წლის განმავლობაში ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორებში სტრატეგიულ დონეზე განხორციელებული აქტივობებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმების და შედეგების შესახებ ინფორმაცია მოესმინათ.
ღონისძიების მიზანი, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, არსებულ შედეგების შეჯამებასთან ერთად, საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალის და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის წარმოჩენაა.
ღონისძიების ფორმატი ასევე ყველა დაინტერესებული /ჩართული მხარის ერთ სივრცეში გაერთიანებას ითვალისწინებდა და ადგილზე მაღალმთიან რეგიონებში (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ზემო იმერეთი და ზემო სვანეთი) საერთო პერსპექტივით სამომავლო რეგიონების განვითარების ხედვაზე მსჯელობაზეც წარიმართა.
იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი “GRETA” აღნიშნული სექტორების ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ხორციელდებოდა, დასკვნით ღონისძიებას როგორც საჯარო ისე კერძო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი GRETA, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დაფინანსებით განხორციელდა და მიზნად ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავდა.
Პროექტის შედეგების შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია:
● ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების შექმნის და განახლების მიმართულებით მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა. კერძოდ, დონორების მხარდაჭერით მოხდა ორგანული წარმოების მიმართულებით ევროკავშირის განახლებული რეგულაციების ადგილობრივ კანონმდებლობასთან ჰარმონიზება.
● შეიქმნა სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
● ჩამოყალიბდა სვანეთის ადგილობრივი მართვის ორგანიზაცია (DMO) და მოხდა მისი გაძლიერება.
● განხორციელდა სვანეთის რეგიონის ბრენდინგი, რაც რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაში დაეხმარება.
● პროექტმა სამთო ტურიზმის მიმართულებით 29, ხოლო ორგანული სოფლის მეურნეობის კუთხით 39 მცირე და საშუალო ბიზნესს დაუჭირა მხარი, რაშიც ჯამურად 1 160 000 ლარის საგრანტო დახმარება განხორციელდა.