Accentnews.ge
კიკილაშვილი ამტკიცებს, რომ იუსტიციის საბჭოში ნათესაური კავშირის გამო არ აურჩევიათ

კიკილაშვილი ამტკიცებს, რომ იუსტიციის საბჭოში ნათესაური კავშირის გამო არ აურჩევიათ

18/10/2023 15:40:11 პოლიტიკა

17 ოქტომბერს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული გოგა კიკილაშვილი ამტკიცებს, რომ თანამდებობაზე მისი დანიშვნა არ უკავშირდება მის ოჯახს. საუბარია მამამისზე – ხვიჩა კიკილაშვილზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახლავთ. ის იმ ექვს მოსამართლეს შორის იყო, რომლებმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინეს. ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი არამოსამართლე წევრი აირჩია.

„მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეიცავს არასწორ მონაცემებს ჩემს შესახებ, მიზნად ისახავს ჩემს პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას და ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ჩემი არჩევა დაუკავშირდეს არა ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2022 წლის 30 სექტემბერს და კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენები განხორციელდა 2022 წლის დეკემბერში", - აცხადებს გოგა კიკილაშვილი.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი აღნიშნავს, მისი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტის წინაშე სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის გათვალისწინებით წარადგინა შესაბამისმა უმაღლეს სასწავლებელმა:

„ის, რომ აქტიური იურიდიული პრაქტიკის პარალელურად (საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მოქმედი ადვოკატი და მედიატორი) 2015 წლიდან ვეწევი აკადემიურ საქმიანობას, ვარ სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევით პროექტებში და ვარ 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიმდინარე წელსაც მოწვეული მკვლევარის სტატუსით სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ვახორციელებ ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტსა (გერმანია) და რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია)".

ამ ნათესაურ კავშირზე ჯერ „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა Facebook-ზე გაამახვლა ყურადღება და გამოთქვა ეჭვები, შემდეგ ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება:

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღესვე საქართველოს პარლამენტმა მოსამართლის შვილი გოგა კიკილაშვილი, 90 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე აირჩია".

„სასამართლოს გუშაგი" აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს ახალარჩეულ არამოსამართლე წევრს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე არ წარმოუდგენია ისეთი ხედვები, რომლებიც შეიძლებოდა თანამდებობაზე მისი დამსახურებულად არჩევის ერთ-ერთი წინაპირობა გამხდარიყო.

„აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული ერთ-ერთი პირობაა. თუმცა ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება აღნიშნული პირობის შესრულების იმიტაციას ქმნის.

განვითარებული მოვლენები ნეპოტიზმის აშკარა მაგალითია სასამართლო სისტემაში, რაც, სხვა ხარვეზებთან ერთად, მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლო სისტემისადმი ნდობას და აძლიერებს კლანურ მმართველობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხვიჩა კიკილაშვილი, სამი წელია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. თუმცა მანამდე მისი გვარი ფართო საზოგადოებამ მის მიერ განხილული ერთ–ერთი საქმის გამო გაიცნო. საქმე 2016 წლის ზაფხულში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტტს ეხებოდა. 13 წლის ბიჭის მშობლები თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე იმჟამად მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს მათი შვილის ცემაში ადანაშაულებდნენ. ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმ დღესვე პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.

საქმე მოსამართლე კიკილაშვილმა განიხილა და მშობლები წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ცოლ–ქმარმა ორ შვილთან ერთად საქართველო სასამართლო პროცესების დასრულებამდე დატოვა. მათ დიდმა ბრიტანეთმა ლტოლვილის სტატუსი მისცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S