19-10-2023 18:24:10 ეს საინტერესოა ,ანალიზი
პარლამენტი, ევრორეკომენდაციების შესრულების არგუმენტით, დაჩქარებული წესით განიხილავს სადავო ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც მედიისთვის საფრთხედ ფასდება.
„განგაშის ზარია შემოსაკვრელი! [...] დიდი საფრთხეა ეს მედიის თავისუფლებისთვის!",– ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.
რა ხდება?
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში ისედაც არსებობს მუხლი (55 (2) მუხლი) „სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვაზე”. თუმცა ნორმის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამჟამინდელი კანონპროექტის თანახმად კი, პროცესი თვითრეგულირების მექანიზმით არ შემოიფარგლება: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კანონის 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში.
გარდა ამისა, ინიციირებულ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები 56 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტებში ჩამოყალიბდა ისე, რომ პროექტს დაემატა უხამსობის რეგულირების საკითხი: „იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე“.
ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, „უხამსობის შემცველი” პროგრამის/რეკლამის განთავსებაზე რეაგირების უფლებას იღებს კომუნიკაციების კომისია.
რას ამბობენ მმართველ გუნდში?
კანონპროექტის წარმდგენი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან” დავით სონღულაშვილი ამტკიცებს, რომ თუ ცვლილებები ჩამოყალიბებული ფორმულირებით არ დამტკიცდება, საფრთხე ექმნება „საქართველოს პროგრამას „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილს”. თუმცა, კანონპროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ აღნინული ცვლილებები აუარესებს მედიაგარემოს, „ქართული ოცნება” კი ქვეყანაში არსებულ ვითარებას და კონტექსტს საერთოდ არ ითვალისწინებს და რომ მსგავსი „მედიის კისერზე მარყიჟის მომჭერი ცვლილებებისას“ თავად მედიასთან კომუნიკაციაა აუცილებელი.
ყველაზე სადავო ცვლილებაზე – „უხამსობის“ რეგულირების თაობაზე მმართველი გუნდის ინტერპრეტაცია ამგვარია:
„არ უნდა შეიგინოს [დეპუტატმა]და არ უნდა გააშუქოთ. უხამსობა ბევრი რამაა“,– ამბობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე. თუმცა როდესაც მას თავად მმართველი გუნდის წევრების გამონათქვამები შეახსენეს, „უხამსობის“ მისეული აღქმა ამგვარად ჩამოაყალიბა: „როდესაც უხამსად მოგექცევა ადამიანი, უზრდელს ეტყვი, აბა რას იზამ?! ეს არ არის უხამსობა“.
„მაგალითად, დედის გინება პირდაპირ ეთერში...თუ ტელევიზიაში დაჯდება და შეიგინება, ეს ჩაითვლება უხამსობად“,– განმარტავს მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი ბექა დავითულიანი.
ამგვარად, მათ შორის, პოლიტიკოსების, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკულტურობაზე, იგივე პარლამენტში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას პასუხისმგებლობა შესაძლოა, მედიას დაეკისროს.
„კიდევ ერთი ფრონტი მედიისთვის“
იურისტი მარი კაპანაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში პრობლემაა ის, თუ ვის გადაეცემა რეგულირების მანდატი და ეს არის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელიც „მუდმივად იყო მიდრეკილი, ჰქონდა მეტი უფლებამოსილებები იმისათვის, რომ მედიის წინააღმდეგ კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკა ეწარმოებინა“.
კაპანაძე „აქცენტთან“ იხსენებს, რომ მარეგულირებლის არსებული მანდატის ფარგლებშიც არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც მან „მედიის თავისუფლების საწინააღმდეგოდ და კონსტიტუციური სტანდარტების გაუთვალისწინებლად მიიღო გადაწყვეტილებები, მათ შორის, განიხილა ისეთი საქმეები, რომლის განხილვის მანდატი არც კი ჰქონია“:
„მაგალითად, პოლიტიკური რეკლამის განთავსება–არგანთავსების საკითხი განიხილა არაწინასაარჩევნო პერიოდში და ისეთ რამეს უწოდა პოლიტიკური რეკლამა, რაც სინამდვილეში არ იყო პოლიტიკური რეკლამა. იგივე უხამსობასთან დაკავშირებით უკვე გვაქვს მაგალითი, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ სრულიად უკანონოდ (მაშინ კანონში არ ეწერა მსგავსი შესაძლებლობა) განიხილა და უხამსობად ჩათვალა პოლიტიკური სატირის შემცველი რეპორტაჟი, რომელიც ორი წლის წინ „მთავარ არხზე“ გავიდა“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხორციელდება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საარჩევნო წელს კომუნიკაციების კომისია ბევრად უფრო აქტიურია, მას ამ პერიოდში ისედაც აქვს გაზრდილი მანდატი, მაგალითად, შეუძლია, დაამონიტორინგოს, რამდენად იცავენ მაუწყებლები ამ პერიოდისთვის კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, ამას დაემატება ახალი მოთხოვნები და მას ექნება „სრული პაკეტი, რეპრესიები აწარმოოს კრიტიკული მედიების წინააღმდეგ“.
თავად იმ რწმენას, რომ სამიზნე შესაძლოა, კრიტიკული მედია იყოს, იურისტს უკვე არსებული პრაქტიკა უჩენს:
„გვაქვს მაგალითი, როდესაც მისი მანდატი არ ითვალისწინებდა, მაგრამ იყო „მოწოდების სიმაღლეზე“, დაესაჯა კრიტიკული მედია, მეორეს მხრივ, კანონით ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება, მაგალითად, დაესანქცირებინა „ალტ–ინფო“ მის ეთერში გასული პროგრამებისთვის, სადაც ომის პროპაგანდას ეწეოდნენ და კრიმინალს აიდიალებდნენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ თავიდან აიცილა საქმის განხილვა და თქვა, მანდატი არ გამაჩნია შესაფასებლადო. ანუ, როდესაც სურდა, თავისი მანდატი დაინახა, როდესაც არ სურდა – არა. ასე თვითნებურად განმარტავს თავის მანდატს, რაც აღრმავებს ეჭვებს, რომ [ცვლილებები] კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული მიზანმიმართულად“.
რაც შეეხება მმართველი გუნდის არგუმენტაციას ამგვარი ცვლილებების აუცილებლობის თაობაზე, კაპანაძე ამას პოპულიზმს და რეალურ ზრახვებთან დაკავშირებით თვალებში ნაცრის შეყრას უწოდებს და ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:
კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილებები კიდევ მეტად გააუარესებს მედიის ისედაც რთულ მდგომარეობას, იქნება ეს ფიზიკური თუ ვერბალური თვადასხმები ჟურნალისტებზე, უკანონო მოსმენები, სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია: „ბევრ ფრონტზე უწყევს მედიას ბრძოლა და ამას კიდევ ერთი დაემატება“.