
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას არ იღებს
12/12/2019 10:13:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა და გიგა ბოკერიამ განაცხადეს.
"გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან, მგონი, ბატონმა ჩემმა კოლეგა „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს. დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება - იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში დამოუკიდებელი დეპუტატები. მივედი ნატო ჩხეიძესთან, დაახლოებით 30 წამი გავჩერდი და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს კამერების ჩანაწერები, გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც მამუკა მდინარაძე დამპირდა, მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს. ძალიან უხერხულია, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს", – განაცხდა ნადირაშვილმა.
ბოკერია უმრავლესობის დეპუტატების რეაქციებს პარლამენტში მძაფრი არასასიამოვნო სუნის დადგომასთან დაკავშირებით „ისტერიკად“ აფასებს:
„აღშფოთებულები არიან, ტერაქტიაო ყვირიან… „ასეთი ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში, ასეთი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს, რაც ხდება, იქნებოდა ანეკდოტი“.
"ქართული ოცნების" დეპუტატები "გაურკვეველი ნივთიერების" სხდომათა დარბაზში შეტანას ევროპული საქართველოს დეპუტატებს ირმა ნადირაშვილს და ლელა ქებურიას აბრალებენ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შესვენების გამოცხადებამდე თქვა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დაასხა სითხე, რომლის მძაფრი სუნის გამო, შესვენება გამოცხადდა.
მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია იყვნენ შემოსული სხდომათა დარბაზში, ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში. მდინარაძის თქმით, თუ ირმა ნადირაშვილი არ ყოფილა პარლამენტში და პარტიის ოფისშია, მას პირადად ეახლება ბოდიშს მოუხდის.