Accentnews.ge
თალაკვაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტს "ქიმიურ შეტევად" აფასებს

თალაკვაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტს "ქიმიურ შეტევად" აფასებს

12/12/2019 10:51:44 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმას ქიმიურ შეტევად აფასებს. 

"რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოხდა, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რომელიც ივნისში ვნახეთ და რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა, დღეს უკვე სავარაუდოდ, ჩვენ ქიმიური შეტევა ვნახეთ პარლამენტზე. რამდენიმე ადამიანი არის მოწამლული, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, თუ რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს მომხდარს, ამაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დადგინდება, რა ნივთიერება იყო და ვინ გამოიყენა. 

მისივე თქმით, იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო რთული, თუმცა კარგია, რომ  თავმჯდომარემ შეძლო კენჭისყის ჩატარება.

"სხვადასხვა მხარეს ჰქონდა მისი ჩაშლის მცდელობა და ამას შემდეგ მოჰყვა ის დაპირისპირება, რომელიც ვნახეთ. თუმცა კარგია, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ შეძლო სხდომის გაგრძელება, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებდა და სხდომა დაასრულა ისე, როგორც პარლამენტში დადგენილი წესები გულისხმობს“, - აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, სხდომა  შესვენების შემდეგ  განახლდება:

„რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ პარლამენტი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ იმ საკითხს, რომელიც დღის წესრიგში იყო, განვიხილავთ და შესაბამისად, მივიღებთ კენჭისყრით გადაწყვეტილებებს. პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერავინ ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას და სახელმწიფო ინსტიტუტს, რა თქმა უნდა, იქნება სათანადო რეაქციები".

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წევრებმა გაურკვეველი ხსნარი მოასხეს, რომლის სუნმაც, სხდომის გაგრძელებას ხელი შეუშალა.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, შეუძლოდ გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S