
სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილის საქმის განხილვა დაასრულა
20/10/2023 10:37:04 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ოქტომბერს დასრულდა 7-8 მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული თორნიკე აკოფაშვილის საქმის განხილვა.
აკოფაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პოლიციელზე ძალადობაში, თუმცა პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მძიმე სასჯელი, 2– წლიანი პირობითი მსჯავრი და 3 000– ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პირობითი მსჯავრის ვადის ამოწურვამდე აკოფაშვილს ეკრძალება საქართველოს დატოვება.
მარტის დასაწყისში თორნიკე თბილისში, რუსთაველის გამზირზე "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონს აპროტესტებდა. საქალაქო სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავს ამავე აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული კიდევ ერთი დემონსტრანტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეს, რომელიც 29 მარტს დააკავეს. გრიგორიადისი დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.