Accentnews.ge
ევროკავშირი სომხეთში სადამკვირვებლო მისიას ზრდის

ევროკავშირი სომხეთში სადამკვირვებლო მისიას ზრდის

21/10/2023 05:31:53 კავკასია

ევროკავშირი სომხეთში სადამკვირვებლო მისიის გაზრდას გეგმავს, - იუწყება "რადიო თავისუფლების" სომხეთის ბიურო.

ამჟამად ევროკავშირს სომხეთში 100 დამკვირვებელი და ექსპერტი ყავს. მათი მისია იმაში მდგომარეობს, რომ დააკვირდნენ და მოახსენონ ბრიუსელს აზერბაიჯანთან საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ, ხელი შეუწყონ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შეძლებისდაგავარად, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ნდობის განმტკიცებას.

კონკრეტულად რა ცვლილებები შევა მისიაში და რამდენად გაიზრდება დამკვირვებლების კონტინგენტი, ჯერ უცნობია. თუმცა არსებული ინფორმაციით, საკითხი საბოლოოდ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაწყდება.

ამასობაში მომავალ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორგანიზაციის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უზენაეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელის თავმჯდომარეობით რეგიონში არსებულ ვითარებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს განიხილავენ. სხდომა მომავალი ორშაბათისთვის ლუქსემბურგშია დაგეგმილი.

"ამ დროისთვის ევროკავშირისთვის ორი მიმართულებაა პრიორიტეტული: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით შუამავლობა, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და სომხეთის გაძლიერების ხელშეწყობა, კერძოდ, ფინანსების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის, ასევე ჰიბრიდული და კიბერშეტევებისთვის მედეგობის საკითხებში. ჩვენ დიდი ყურადღება გვმართებს იმის მიმართ, რისი გაკეთება შეუძლია სომხეთში რუსეთს, მით უფრო - პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც "მოკავშირეების მხრიდან ღალატს" ეხებოდა. ამავდროულად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი იქნება სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შერყევის ნებისმიერი მცდელობა და რომ ამ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უკიდურესად სერიოზულია. ჩვენი ეს გზავნილი ბაქოს ევროკავშირის რიგმა ჩინოსნებმა გადასცეს" - განაცხადა მაღალი რანგის ევროპელმა ჩინოსანმა.

ცნობისთვის: ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებთან ერთად მიმდინარე თვის დასაწყისში სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის ინიცირება მოახდინა, თუმცა ილჰამ ალიევმა გრანადაში ჩასვლაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, ბრიუსელი აგრძელებს მუშაობას ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებასა და მისგან გამომდინარე საკითხებზე, კერძოდ, საზღვრების დელიმიტაციაზე, კომუნიკაციებზე, ტყვეთა გათავისუფლებასა და სხვა მიმართულებებზე.

გრანადაში შეხვედრის გაუქმების შემდეგ ბაქომ განაცხადა, რომ მზადაა ბრიუსელში მოლაპარაკებები გააგრძელოს, ოღონდ საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის შუამდგომლობით. დაანონსდა, რომ შემდეგი შეხვედრა მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა გაიმართოს, თუმცა თარიღი არ დაკონკრეტებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S