
აფხაზები: „მოსკოვი გვაიძულებს, დე-ფაქტო რუსეთის ნაწილად ვიქცეთ“
23/10/2023 04:36:28 კონფლიქტები
ბოლო რამდენიმე კვირაა, აფხაზურ საზოგადოებაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს ოფიციალურ პირთა განცხადებები რესპუბლიკის „სწრაფვაზე, ბელარუსისგან დამოუკიდებლობის აღიარება მოიპოვოს და რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანდეს“.
კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსული ტელევიზიის ეთერში მაყურებელს გააცნო ჩვენი ხელმძღვანელობის გეგმა, ბელარუსთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა გააღრმავოს, რითაც საფუძველი უნდა შეიქმნას აღიარებისა და ინტეგრაციისთვის. ცოტა უფრო ადრე კი იგივე არძინბას ნათქვამი აქვს, რომ ბელარუსმა „ეკონომიკურად აფხაზეთი დე-ფაქტო უკვე აღიარა“.
ზოგადად, de facto აღიარებაში მოიაზრება არასრული და არა საბოლოო, თუმცა იურიდიული აღიარება, რომელიც არ ითვალისწინებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, მაგრამ მხარეები აფორმებენ ორმხრივ სავაჭრო, ფინანსურ, საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ და სხვა შეთანხმებებს.
აფხაზეთს ამ ეტაპზე არ აქვს ბელარუსთან არანაირი ორმხრივი შეთანხმება, რომელიც აღიარებაზე საუბრის რაიმე საფუძველს მოგვცემდა. თუმცა ამ განცხადებებმა მაინც ფართო ინტერესი გამოიწვია როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ისე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ.
ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, ბელარუსის მხრიდან აღიარებისა და საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების შანსები ამ ეტაპზე საკმაოდ მცირეა, რადგან იმ პირობებში, როცა მინსკს ჯერ თავადაც არ მიუღია ამ რუსულ პროექტში ჩაბმის სანაცვლოდ დაპირებული ეკონომიკური ბენეფიტები (მაგალითად, წვდომა ბალტიის ნავთობის, გაზის საბადოებსა და პორტებთან), ბელარუსი ნაკლებადაა დაინტერესებული, საკავშირო სახელმწიფოში იხილოს ახალი წევრები, რომლებიც ასევე ისურვებენ რაღაცის მიღებას და თან ფინანსური მხარდაჭერაც დასჭირდებათ.
გარდა ამისა, მათი აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის გინდ ეკონომიკური, გინდ დემოგრაფიული პოტენციალი მიზერულია და ბელარუსისას ვერც კი შეადარებ, მინსკისთვის აფხაზეთის მიმართ ინტერესი წმინდად სიმბოლურია და მეტწილად უკავშირდება ალექსანდრე ლუკაშენკოს სურვილს, მოსკოვს ასიამოვნოს.
ისტორიულად, ბელარუსს ფრთხილი პოზიცია ეკავა პოსტსაბჭოთა სივრცის არაღიარებული რესპუბლიკების აღიარების საკითხში. პრეზიდენტ ლუკაშენკოს წარსულში არაერთგზის გაუკეთებია განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცეის თაობაზე. მაგრამ მიმდინარე წლის 21 თებერვალს, მინსკში ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას მან განაცხადა: „ჩვენ გიგანტური სახელმწიფოები არ ვართ, რომ რომელიმე ქვეყნები და ხალხები დავყოთ. ამ რთულ დროს ერთმანეთთან უფრო ახლოს უნდა ვიყოთ. თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც, - ყველანი რაღაცნაირად უნდა შევეწებოთ, ვისწრაფვოთ ერთმანეთისკენ. ბელარუსში თქვენს ვიზიტს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავო …“.
მართალია, ბელარუსთან ინტეგრაციის ინიციატივას უმთავრესად აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აჟღერებენ, ექსპერტების დიდი ნაწილი მის უკან რუსეთის ინტერესებს ხედავს.
აფხაზეთის ხელმძღვანელობის განცხადებები ხომ სრულად ეწერება „რუსსკი მირის“ („რუსული სამყაროს“) არცთუ ახალ კონცეფციაში, რომლის განსაკუთრებით აქტიური ლობირება მოსკოვმა უკრაინის ომამდე დაიწყო. აფხაზეთი რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული ამ გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილად განიხილება. და როგორც ორიოდ დღის წინ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, „…. აფხაზური საზოგადოება განწყობილია, რუსული სამყაროს ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ჩვენ გვსურს და ვართ კიდეც მისი ნაწილი“.
გარდა ამისა, რუსეთს უკვე არაერთი ნაბიჯი გადაუდგამს აფხაზეთის ინტეგრაციის მიმართულებით. მათ შორის ბოლო სერიოზული ნაბიჯი გახლდათ ასლან ბჟანიას მიერ 2020 წლის არჩევნების დასრულებისთანავე ხელმოწერილი „ჰარმონიზაციის გეგმა“. და ამჟამინდელი განცხადებები საუკეთესოდ ეწერება ამ დღის წესრიგში.
ამგვარად, ბელარუსთან დაახლოებისკენ სწრაფვის უკან, მაღალი აბათობით, სხვა დიდად არაფერი დგას, რუსეთის ინტერესის გარდა, რესპუბლიკა დე-ფაქტო მიიერთოს.
არადა, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის გაწევრიანება, არსობრივად, სუვერენიტეტის დაკარგვისა და რუსეთის მიერ ფაქტობრივი შთანთქმის ტოლფასი იქნება: მოსკოვთან სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ისედაც მაღალი დონის გათვალისწინებით, მსგავსი ნაბიჯი საბოლოოდ გაამყარებდა აფხაზეთის, როგორც დე-ფაქტო რუსეთის ნაწილის მდგომარეობას.
„ამ ფონზე აფხაზური ოპოზიცია ნაკლებად ეხმაურება ხელისუფლების სწრაფვას, რესპუბლიკა საკავშირო სახელმწიფოში გააერთიანოს. პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის ამ საკითხში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. თუმცა ეს ალბათ, არცაა გასაკვირი, რადგან მეტწილად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, წინასაარჩევნოდ მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭება არავის სურს“ - წერს აფხაზური სააგენტო «АИАШАРА».