რა მიზნით დაფუძნდა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელსაც საქართველო უმასპინძლებს

23-10-2023 14:42:40 პოლიტიკა ,ეკონომიკა

2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.

საქართველოში ხსენებული ფორუმი უკვე სამჯერ - 2015, 2017 და 2019 წლებშია ჩატარებული. წელს ღონისძიებას 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის - ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ფორუმი ფოკუსირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული ქსელი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

როდის დაფუძნდა ფორუმი?

ფორუმი 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა, როგორც თავად განმარტავს, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით და ასე შეიქმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის.

„შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან. აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმი“ წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები" - განაცხადა პრემიერმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

„მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა“

ირკვევა, რომ თბილისში დაგეგმილ ფორუმში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვიც მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 სექტემბერს კიდევ ერთი, „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ შესახებ განაცხადა: „ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში". თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, თუმცა უცნობია, ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერებს შორის აღნიშნულ საკითხზე საუბარი შედგება თუ არა.

ფორუმი ხელს შეუწყობს ქვეყნების ჩართვას ინიციატივაში, რომელიც "შუა დერეფანს" მოიცავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ამბობს, რომ ფორუმის იდეაა, მეტად გაიზარდოს დაკაშირებადობა:

"ამ შემთხვევაში საქართველოს როლი, როგორც ჰაბი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ეს ფორუმი ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტად ჩაერთონ ქვეყნები ინიციატივაში, რომელიც შუა დერეფნის ინიციატივას მოიცავს, რაც ქვეყნის ცნობადობის, მთავარი დამაკავშირებელი როლის გაზრდას უწყობს ხელს".

ცნობისთვი: ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ჩინეთში იღებს სათავეს გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანსა და საქართველოს, საიდანაც ზღვით ტვირთები ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები