
როგორია ტურიზმის აღდგენის დინამიკა
23/10/2023 12:10:50 ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ირკვევა, რომ 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი პერიოდის (2019) მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.
9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.
2023 წლის III კვარტალის მდგომარეობით 2,706,863 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 1,725,093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან მიმართებით 92.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +15.4%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
ვიზიტორების დეტალური სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურიზმის სტრუქტურაში ხარისხობრივი გაუმჯობესებაა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უფრო მეტია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ტურიზმი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ყველაზე ინკლუზიურია და ალბათ დადებითი ტენდენციები ტურიზმის სექტორში მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება. 5.6 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, აქედან ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავდა საერთაშორისო ტურისტი 3.7 მილიონამდე, რაც წინა წელთან მიმართებით თითქმის სრული აღდგენაა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სტრუქტურაში ხარისხობრივი გაუმჯობესება და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უფრო მეტია, მაგრამ რაოდენობრივი აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვჭირდება ტურიზმიდან კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღება, მათ შორის რეგიონებში, სხვადასხვა ობიექტებისთვის. ტენდენციები ნამდვილად დადებითია. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება არ გვაქვს სრული აღდგენა, ან გადაჭარბება, ეს არის რეგიონში შექმნილი ვითარება, დაკეტილი საზღვრები და ა.შ.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.