
უკრაინის შსს-მ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ განაცხადა
12/12/2019 14:52:57 სხვა, მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის განცხადებით, მისმა უწყებამ ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმტანილი პირები დააკავა.
"ეროვნული პოლიცია გენერალური პროკურატურის ნებართვით ბრალდებებს უყენებს პაველ შერემეტის მკვლელობის საქმის ფიგურანტებს. ეს ნამდვილი სპეციალისტების ძალზე რთული და თავდადებული მუშაობის შედეგია და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქმის საბოლოოდ გასახსნელად!", — აღნიშნა მან.
ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი პაველ შერემეტი, რომელმაც მრავალი წელი რუსეთში იმუშავა, მკვლელობამდე ორი წლით ადრე უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. 2016 წლის 20 ივლისს კიევში მასზე თავდასხმა განხორციელდა – მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუმონტაჟეს. გამოძიება ძირითად ვერსიად ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას განიხილავდა.
დამნაშავეთა დასჯის პირობა ჯერ კიდევ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დადო. წინასაარჩევნო დებატების დროს ეს საქმე გაიხსენა იმხანად პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ, მიმდინარე წლის 23 ივლისს მან განუცხადა ჟურნალისტებს: “ვთვლი, რომ ეს საქმე გაიხსნება”.