
შოთაძე – ფარცხალაძეზე: გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ
24/10/2023 07:11:52 სამართალი
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიებას სუს-ი აწარმოებს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძეს გადადგომის შემდეგ პროკურატურასთან შეხება აღარ ჰქონია.
"გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოძიების დეტალებზე. ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა გამოძიებას აწარმოებს სუს-ი. გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ.
2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება რომ ჰქონდეს. ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც“,- განაცხადა შოთაძემ.
ცნობისთვის: 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა.
აშშ-ის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, „ეფესბეს“ ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და „ეფესბე“ იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“. იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ დახმარებით ჰქონდა მიღებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.