ქართველი დეპუტატები NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ

24-10-2023 11:27:58 პოლიტიკა

23-24 ოქტომბერს შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთის“ რიგით 104-ე სემინარი – „რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა: სტაბილურობის პროექცირება, უსაფრთხოების განმტკიცება და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაწინაურება” – იმართება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას და პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, გიორგი ჩაკვეტაძის და თეონა აქუბარდიას შემადგენლობით მონაწილეობს.

სემინარის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიც არის: შვედეთის კონტრიბუცია ნატო-ში და პარტნიორების მხარდაჭერა; უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის; საქართველოს ევროატლანტიკური გზა; ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში შვედეთის მედეგობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და სხვა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნები მონაწილეობენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები