
მიშელ-ალიევ-ფაშინიანის შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს აღარ გაიმართება
25/10/2023 11:41:10 კავკასია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ოქტომბრის ბოლოს აღარ გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა განაცხადა, რომელიც დისტანციურად მონაწილეობდა ერევანში ორგანიზაცია „APRI Armenia“ -ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სახელწოდებით „პროგრესი გაურკვევლობაში“.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიზეზად დროის ნაკლებობა დაასახელა.
"ჩვენი მიზანია ყარაბაღელი სომხები სახლებს დაუბრუნდნენ, ხაზს ვუსვამთ გრანადაში გამართული შეხვედრის მნიშვნელობას, რომელშიც ალიევი არ მონაწილეობდა, ჩვენ ახლა ვცდილობთ ბრიუსელში ფაშინიან-ალიევის შეხვედრის ორგანიზებას. მიუხედავად ნელი პროცესისა, ჩვენ გვჯერა, რომ შედეგი იქნება დოკუმენტის ხელმოწერა“, - განაცხადა კლაარმა.
„3+3“–ის ფორმატთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ორი დღის წინ თეირანში თურქეთის, ირანის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა (ქართული მხარე არ მონაწილეობდა) გაიმართა, კლაარმა განაცხადა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი პრობლემას ვერ ჭრის, შეიძლება, სასარგებლო იყოს":
"არანაირი წინააღმდეგობა არ არის".
სექტემბერში 24-საათიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი მთიანი ყარაბაღზე, რამაც გამოიწვია რეგიონის 120 000 მოსახლის უმეტესი ნაწილის გადასახლება სომხეთში.