
ცხინვალის დისკრიმინაციული “დათმობა”
13/12/2019 09:23:31 კონფლიქტები
დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე დღის წინ “დათმობაზე წამოსვლისა” და ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის საჭიროების შემთხვევაში დე ფაქტო საზღვრის გახსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში იმ ავადმყოფებისა და პენსიონერების სიებს ადგენენ, რომლებიც “რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ. ყველა დანარჩენისთვის ჯერ კიდევ 5 სექტემბერს ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვარი კვლავინდებურად ბლოკირებული რჩება და ცხინვალის რეჟიმი შეზღუდვის მოხსნას ქართული მხარის მიერ წნელისის სიახლოვეს განთავსებული ახალი საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებამდე არ აპირებს.
აუცილებლობის შემთხვევაში ავადმყოფებისა და პენსიონერებისთვის ე.წ. გადასასვლელის გახსნის გადაწყვეტილება 5 სექტემბრიდან ამ დრომდე პირველი “დათმობა” იყო ცხინვალის მხრიდან. ეს დაპირება მას შემდეგ გაიცა, რაც ახალგორის ოკუპირებულ რაიონში აუცილებელი სამედიცინო დახმარების არმიღების გამო გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა, მარტოხელა პენსიონერები კი შიმშილის პირას აღმოჩნდნენ. 2 დეკემბერს დე ფაქტო უშიშროების საბჭომ “რაზდახანის” გახსნის თხოვნით ახალგორელთა კოლექტიური მიმართვა განიხილა და გადაწყვიტა:
«დაშვებულ იქნას საქართველოში “რაზდახანის” გავლით გასვლა ლენინგორის [ახალგორის – რედ.] რაიონის დასახლებული პუნქტების იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის 23.11.10 წლის № 119 გადაწყვეტილება, არ გააჩნიათ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და ესაჭიროებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ გაიწევა. ასევე შეიქმნას პირობები ორ თვეში ერთხელ “რაზდახანის” გავლით საქართველოში გასასვლელად და სამხრეთ ოსეთში დასაბრუნებლად ლენინგორის [ახალგორის - რედ.] რაიონის იმ პენსიონერებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და შემწეობას მხოლოდ საქართველოში იღებენ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდში აღრიცხვაზე აყვანამდე».
როგორც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აღნიშნავს, დე ფაქტო ადმინისტრაციაში აქტიურად ადგენენ ქართველი პენსიონერების სიებს, სულ დაახლოებით 150-ია, ვინაობები ცნობილია, ამიტომაც ბევრი მათგანი, ვინც სოფლის საბჭოში მიდის, ამბობს, რომ სიაში უყვე შეყვანილია. დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთდ ემზადებიან ავადმყოფებიც.
«როგორც ითქვა, ვისაც მძიმე დაავადება აქვს, ვინც საჭიროებს მკურნალობას, მათ ქართულ კლინიკებში დასმული დიაგნოზების საფუძველზე შეიყვანენ სპეციალურ სიებში “რაზდახანის” გადასაკვეთად. ამ სიებს რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი შეადგენს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ გააჩნია. ადგილობრივები მსგავს მიდგომას დისკრედიტაციად აფასებენ» - ამბობს თამარი.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალგორის ოკუპირებული რაიონის აღმოსავლეთ ნაწილის ყველა ან თითქმის ყველა მცხოვრები, ძალოვანების გამოკლებით, საქართველოს მოქალაქეობის მფლობელია. მათ ნაწილს ოსური ე.წ. მოქალაქეობაც გააჩნია. თუმცა ოსური დე ფაქტო კანონმდებლობა “ორმაგ მოქალაქეობას” არ ითვალისწინებს. ამდენად, თითოეული მათგანი ოსური “პასპორტის” აღებისას დე ფაქტო ადმინისტრაციას საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას აბარებდა და წერდა განცხადებას “საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ”. ეს ნიშნავს, რომ “ორმაგი მოქალაქეობის” მქონე ყველა პირს ცხინვალი ავტომატურად თავის რეზიდენტად მიიჩნევს და შესაბამისად, შეუძლია, შეზღუდოს თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გადაადგილება “უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე” - სწორედ ისე, როგორც ახლა აკეთებს.
“ყველას მშვენივრად ესმის, რომ თუ უშიშროების საბჭო საკუთრივ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა, თავისუფლად შეეძლო, არ შეეზღუდა ავადმყოფები რუსული და სამხრეთ ოსური მოქალაქეობით: ისინი თავად “გაიცხრილებოდნენ”, რადგან საქართველოს მხრიდან “რაზდახანის” გადმოკვეთა მხოლოდ ქართული პასპორტითაა შესაძლებელი და მაშასადამე, ქვეყნის არარეზიდენტები იქ თავადაც არ წავლენ. ამდენად, ამ შეზღუდვებს უკან უფრო იკვეთება ცხინვალის მცდელობა, რამენაირად შეეწინააღმდეგოს მოსკოვის ზეწოლას, ვიდრე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა” - წერს ამასთან დაკავშირებით “Эхо Кавказа”-ს ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.
მოსკოვიდან ზეწოლა კი ნამდვილად შეიმჩნევა. გუშინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი – საიუბილეო 50-ე რაუნდის შედეგებზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ კმაყოფილება დააფიქსირა ცხინვალის მიერ ე.წ. “რაზდახანზე” გადაადგილების რეჟიმის ნაწილობრივ შემსუბუქების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ეს ახლო მომავალში სხვა ე.წ. გადასასვლელებზეც გავრცელდება.
საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ ამ “შეღავათამდე” გაუქმდა დე ფაქტო უშიშროების “შავი სია” (22 ნოემბერს “ცხინვალის წარმომადგენელმა” - როგორც მოიხსენიებენ რაიონში ადამიანს, რომელიც ოთხშაბათობით საშვებზე განაცხადებს იბარებს, გააკრა 36 ადგილობრივის სია, რომელსაც ხალხმა “შავი” შეარქვა. მის წევრებს დე ფაქტო უშიშროებამ საშვების გაცემაზე, ანუ გადაადგილებაზე უარი განუცხადა): იგი ჩამოხსნეს და მას შემდეგ გასული ორი ოთხშაბათია, ახალი აღარ გაუკრავთ.
“ყველამ ვერ მოასწრო, დაინტერესებულიყო, რატომ აღმოჩნდა სიაში, რადგან ბევრი მისი წევრი აქ არ ცხოვრობს, ან ამჟამად არ იმყოფება. თუმცა ზოგიერთებმა სიაში თავი იპოვეს და დაინტერესდნენ მასში მოხვედრის მიზეზით. ცხინვალის წარმომადგენელმა ეს ტექნიკური შეცდომითა და გაუგებრობით ახსნა. როგორც მასთან შეხვედრის შემდეგ ყვებოდნენ, შავი სია აღარ იარსებებს» - დასძენს თამარ მეარაყიშვილი.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება