გუტერეშის პასუხი ისრაელს: "შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით"

25-10-2023 19:01:26 მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ისრაელთან დაკავშირებით მისი განცხადების "არასწორი ინტერპრეტაციით შოკირებულია".

"შოკირებული ვარ უშიშროების საბჭოში ჩემი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით - თითქოს მე ვამართლებდი "ჰამასის" ტერორისტულ აქტებს. ეს ტყუილია, ეს პირიქით იყო. გუშინდელი ინტერვენციის დასაწყისში მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: ცალსახად ვგმობ 7 ოქტომბრის შემზარავ და უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს ისრაელში "ჰამასის" მიერ. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, დაჭრას და გატაცებას - ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტების გაშვებას. ნამდვილად, მე პალესტინელი ხალხის წყენაზე მე ნამდვილად ვისაუბრე და ასევე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს. და შემდეგ გავაგრძელე ჩემი საუბარი, ვგულისხმობდი პოზიციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს გულისხმობს", – განაცხადა გუტერეშმა.

ისრაელის საგარეო უწყება ანტონიო გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდებს.

"გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უნდა გადადგეს იმ აღმაშფოთებელი კომენტარებისთვის, რომელიც მან ისრაელთან დაკავშირებით გააკეთა", – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა.

24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.

ისრაელის არმია მე-19 დღეა, ბომბავს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო მიიჩნევს, რომ ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს არღვევს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები