
„როცა გვიჭირს, აშშ–ს მივმართავთ და ჩემთვის წარმოუდგენელია, მათი განცხადება არ გავითვალისწინოთ"
13/12/2019 09:55:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით აშშ–ის საელჩოს კრიტიკის თაობაზე „ქართული ოცნების“ რიგი დეპუტატებისგან განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ კახა ოქრიაშვილს.
„განცხადება მეტყველებს, რომ მათ პროცესთან დაკავშირებით აქვთ კითხვები, არ მიეწონათ პროცესი. სიმართლე, რომ ვთქვა, მე რომ მომწონებოდა პროცესი, ოცივეს მივცემდი ხმას. როცა ძალიან გვიჭირს, მათ მივმართავთ და ის, რომ ყურად არ ვიღოთ მათი განცხადება, ჩემთვის წარმოუდგენელია“,– განუცხადა „აქცენტს“ ოქრიაშვილმა.
ამასთან, როგორც ოქრიაშვილი ამბობს, ხმის მიცემისას მან გაითვალისწინა იურისტების მოსაზრებები:
„წარმოდგენილი 20–კაციანი სიიდან მხოლოდ რვა მოსამართლეს დავუჭირე მხარი. გავითვალისწინე რეკომენდაციები უმრავლესობის ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის, უმცირესობაში მყოფი პოლიტიკოსების ექსპერტების, იუსრისტების. სადაც დაემთხვა რეკომენდაციები, იმ ადამიანებს მივეცი ხმა, რადგან მე არ ვარ იურისტი და სფეროს კარგად არ ვიცნობ“.
საქართველოში აშშ-ის საელჩო წუხილს გამოთქვამს, რომ "პარლამენტმა უვადოდ განამწესა ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი ერთგულება ვერ წარმოაჩინეს".