
სომხეთი ქვეყნიდან რუსული ბაზის გაყვანას მოითხოვს
26/10/2023 05:08:29 კავკასია
სომხეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის სამხედრო ბაზის შენარჩუნებაში ვერანაირ მიზანშეწონილობას ვერ ხედავს, - განაცხადა Wall Street Journal-თან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ამჟამად ერევანი ახალ პარტნიორებს ეძებს ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა თავისი სამოკავშირეო ვალდებულებები.
როგორც ფაშინიანმა დააზუსტა, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოჩინდა გასულ თვეს, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც არაღიარებული რესპუბლიკის კაპიტულაციითა და რეგიონიდან სომხების მასობრივი გადინებით დასრულდა.
"ამ მოვლენებმა, არსობრივად, მიგვიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელია ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიკაცია, უპირველესად - უსაფრთხოების სფეროში და ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებულები" - დასძინა ფაშინიანმა.
ცნობისთვის: სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა მოქმედებს, რომლის კონტინგენტის რიცხოვნობა დაახლოებით 3500 სამხედროს შეადგენს. ბაზა 1995 წელს , 49 წლის ვადით (2044 წლამდე), დსთ-ის გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა.
გასულ თვეში აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა უკვე არაერთგზის დაადანაშაულა რუსეთი სხვადასხვა ხელშეკრულებებით სომხეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში. ეს ბრალდებები ეხებოდა, მათ შორის, ყარაბარში განთავსებულ რუს მშვიდობისმყოფელებსაც და რუსეთის თაოსნობით დაფუძნებული და მოქმედი "კორექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის" (ОДКБ) მოქმედებასაც, რომლებიც ბაქოს მოქმედებას, ფაქტობრიბად, არანაირად შესწინააღმდეგებიან. "უსაფრთხოების სფეროში ჩვენი მოკავშირეები არა თუ გვეხმარებოდნენ, არამედ ფაქტობრივად, საჯაროდ მოუწოდებდნენ სომხეთში ხელისუფლების დამხობისკენ" - ნათქვამი აქვს ფაშინიანს.
მოსკოვი ერევნის ბრალდებებს უარყოფს და ყარაბაღის კრიზისს ფაშინიანის ხელისუფლების პროდასავლური კურსისკენ გადახრას უკავშირებს.