
ოპოზიცია „ოცნების“ ახალ საარჩევნო ინიციატივას "პოლიტიკურ აფერად“ აფასებს
13/12/2019 10:48:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საარჩევნო ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას "პოლიტიკურ აფერად“ აფასებს.
„ეს მარტივად ითარგმნება, როგორც პოლიტიკური აფერა. მამუკა მდინარაძესა და მის თანამოაზრეებს რომ ჰკითხო, ხელისუფლებაში დარჩენა უსასრულოდ უნდათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი სპექტაკლების არავის სჯერა. ჯერ 200 ათასი ნამდვილი ხელმოწერა შეაგროვონ. ამ პროექტს მიღების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ეს სასამართლოს თემამ დაამთავრა. ეს არის სრული ბოდვა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე კი „ოცნების“ ახალ საარჩევნო ინიციატივას „ბჟუტურს“ უწოდებს:
“ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” უკიდურესად დასუსტებულია. მათ იციან, რომ წაგებული აქვთ ნებისმიერი ტიპის არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარდეს ამის შემდეგ და აქედან გამიმდინარე, ფიქრობენ, რა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ. ეს იყო რაღაცის შესახებ ბჟუტური, რომელიც საქართველოში ვერასდროს იქნება. ეს არანაირ საერთაშორისო კონსტიტუციურ სტანდარტში არ ჯდება და ამ ბჟუტურს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება” მოუსავლეთში”.
ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია:
„ეს არის მაფიოზობის ღიად გამოვლინება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ის ამბობს, თუკი შერეული არსებული უსამართლო სისტემით მე 2020 წელს რამდენიმე ფეოდალი მაჟორიტარის წყალობით შევინარჩუნე ძალაუფლება, ხალხი აღშფოთდება, გამოვა ქუჩაში და მომთხოვს ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩანიშნვას და მე მომიწევს ამის ჩატარება და იქ ნამდვილად წავაგებთ. ეს იმდენად დიდი რისკია, რომელიც უნდათ რომ განეიტრალდეს".
რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი:
„ნამდვილი რეალობის შეცვლას ცდილობს მისი [ივანიშვილი] გამოგონილი ტვინის ნაჟურით, თითქოს მთავარი პრობლემა არის ამბოხებული ცრუ დიმიტრი და მისი დაშოშმინების მცდელობა".
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა:
"ალბათ, "გვტროლავენ" იმიტომ, რომ "ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები არ აქვს, მოდელირებული ქრონიკის შემდეგ თუ რამე გამაკვირვებდა, ეს არის მოდელირებული ამბოხი ბერაიასი, ხუნდაძის და ლურსმანაშივილის".
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი:
"რა გვიპასუხა უმრავლესობამ? — ვადამდელის ჩატარება რომ გახდეს საჭირო, მაშინაც რომ არ დაგვჭირდეს პროპორციულად ჩატარება არჩევნების, ამიტომ მოდით ისიც შევცვალოთ. ანუ არ დავკამყოფილდეთ იმით, რომ ახლა არ ჩატარდება პროპორციული წესით არჩევნები, ახლა არ ჩატარდება სამართლიანი სისტემით არჩევნები და მერეც, 2024 წლამდე არ ჩატარდეს და გარანტირებულად ოთხი წელი კიდევ მოვიგოთ".
იხილეთ ასევე: “ქართული ოცნება” საგანგებო განცხადებას ავრცელებს