
"ზოგიერთი მოსამართლის შესახებ კახა კალაძის განცხადების შინაარსს ვეთანხმებით"
13/12/2019 13:19:48 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ზოგიერთი მოსამართლის შესახებ კახა კალაძის განცხადების შინაარსს ვეთანხმებით", – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„კახი კალაძის განცხადება არ მომისმენია, თუმცა ზოგადად გეტყვით, რომ კონკრეტული კანდიდატები იყვნენ, რომლებთან დაკავშირებითაც დეპუტატების საკმაოდ დიდ ნაწილს კითხვები ჰქონდა. პირველ რიგში ეს კითხვები უკავშირდებოდა, კონკრეტული მოსამართლეების მიერ 2012 წლამდე განხილულ კონკრეტულ საქმეებს. იცით, რომ ამ თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა. 2012 წლამდე სასამართლო წნეხის ქვეშ იყო, არ იყო დამოუკიდებელი, პოლიტიკური ზეგავლენა იყო. შესაბამისად, არის მთელი რიგი საქმეები, რაც კითხვებს ტოვებს. კვალიფიკაციის კუთხითაც იდეალური სურათი არ იყო, თუმცა შესაბამისია გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ამ განცხადების ზოგად შინაარსს. ჩვენ მაქსიმალურად დაბალანსებული და პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შორის რამდენიმე "ოდიოზური ფიგურაც" არის.
იხილეთ ასევე: პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციანი სია დაამტკიცა