
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისი თანამეგობრობას მიმართავს, გააძლიეროს ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად
13/12/2019 15:02:20 კონფლიქტები
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.
კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ დღეს გამართული წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა განუცხადა.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 20 დეკემბრისთვის დაინიშნა.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს. იგი დღემდე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში რჩება.