
ვიკრიბებით კვირას, 11 საათზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან - გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას აანონსებს
13/12/2019 16:23:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს და კვირას საპროტესტო აქციას აანონსებს.
"რადგან ამდენმა მოლაპარაკებამ — და მე აღვნიშნე, რომ თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა — ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა"- მიმართა საზოგადოებას ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ დღეს გამართული წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა განუცხადა.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 20 დეკემბრისთვის დაინიშნა.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს. იგი დღემდე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში რჩება.