
"ჰამასმა" ისრაელიდან გატაცებული მძველების გათავისუფლების პირობა დაასახელა
28/10/2023 17:34:32 მსოფლიო
პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული მძველების გათავისუფლების პირობა დაასახელა.
როგორც დაჯგუფების მიერ მართული გამოცემა "ალ-აქსა“ იუწყება, "ჰამასი" მზადაა გაათავისუფლოს 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს დატყვევებული მძევლები იმ პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.
„თუ მტერს სურს დაკავებულთა ერთად გათავისუფლება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუ მას სურს ამის გაკეთება ეტაპობრივად, ჩვენც ამისთვისაც მზად ვართ“, - იტყობინება გამოცემა.
ისრაელის ცნობით, ამჟამად ღაზაში 229 მძევალი იმყოფება.
"ჰამასმა" ორი მძევალი 20 ოქტომბერს და კიდევ ორი 23 ოქტომბერს გაათავისუფლა.
ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც ნელა გადაადგილდებოდნენ ღაზას ღია სივრცეებში და განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა "ჰამასის" ათობით გვირაბი და მიწისქვეშა ბუნკერი დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის ეს ეტაპი 27 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაინაცვლა. მათი დაახლოებით ნახევარი გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში იმყოფება. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაცაა ღაზაში შექმნილი.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 28 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 200–ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 28 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 7 326 და დაჭრილია 17 500–ზე მეტი ადამიანი.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.