
"როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა... გავაგრძელებ ძალისხმევას, ხელი შევუწყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას”
13/12/2019 17:54:19 კონფლიქტები
გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც ექიმის პატიმრობაში დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.
“მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის. ეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ორი დღის წინ, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომ. სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე გამიჩინა მოლოდინი, რომ გათავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო. მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას”,- ნათქვამია ბურჯანაძის განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.
ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე დღის უკან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ცხინვალის ციხეში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს პარასკევს, 13 დეკემბერს გაათავისუფლებდნენ.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ დღეს გამართული წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა განუცხადა.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 20 დეკემბრისთვის დაინიშნა.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს. იგი დღემდე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში რჩება.